ცოდნა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ცვლის

ჰაბის გუნდი

თანადამფუძნებლების პროფესიული გამოცდილება

მზია კახაძისა და ნატალია თურქაძის საქმიანობა განათლებაში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაში.

მზია კახაძე

მზია კახაძე

თანადამფუძნებელი · კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი

მე ვარ მზია კახაძე — კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი, ტრენერი, საგანმანათლებლო სივრცეების დამფუძნებელი და ტექნოლოგიური პროექტების ხელმძღვანელი. მაქვს 27-წლიანი პედაგოგიური და 10-წლიანი ტრენერობის გამოცდილება. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, ტრადიციული სწავლების ძლიერი მხარეები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ ხედვებს დავუკავშირო.

2025 წლიდან აქტიურად ვმუშაობ ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენების მიმართულებით და ვატარებ პრაქტიკულ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის. პედაგოგებს ვეხმარები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინსტრუმენტები გამოიყენონ გაკვეთილების დაგეგმვის, სასწავლო რესურსების შექმნის, დიფერენცირებული სწავლების, შეფასებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობების მომზადებისას.

ვხელმძღვანელობ „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბს“, რომელიც 84 000 წევრს აერთიანებს. წევრთა 80% მოქმედი მასწავლებელია, ხოლო 20% — მასწავლებლობის მსურველი. ეს მრავალრიცხოვანი პროფესიული საზოგადოება შექმნილია გამოცდილების გაზიარების, სიახლეების გავრცელებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის.

კლუბის წევრთა პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე, დავაფუძნე „მოტივირებულ პედაგოგთა ჰაბი“ — საწევროზე დაფუძნებული ინტენსიური პროფესიული განვითარების სივრცე. ჰაბში მასწავლებლები ჩემი ტრენერობით გადიან პრაქტიკულ კურსებს, ეცნობიან თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს და იღებენ ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებაც უშუალოდ შეუძლიათ საკუთარ პრაქტიკაში.

ასევე დავაფუძნე „კომპიუტერული ტექნოლოგიების ჰაბი“, რომელიც მასწავლებლებს უშუალოდ საგნობრივი მიმართულებით სთავაზობს მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას. ჰაბის წევრებს ვეხმარები, სწორად დაგეგმონ და ასწავლონ კომპიუტერული ტექნოლოგიები, შეარჩიონ ასაკის შესაბამისი მეთოდები და აქტივობები. ამასთანავე, ვუზიარებ კლასში გამოსაყენებლად გამზადებულ გაკვეთილის გეგმებს, პრეზენტაციებს, სამუშაო ფურცლებს, პრაქტიკულ დავალებებს, შეფასების ინსტრუმენტებსა და სხვა სასწავლო რესურსებს. ეს ჰაბიც საწევროზე დაფუძნებული პროფესიული სივრცეა.

ჩემი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სასწავლო ცენტრ „ბათუმის ეროვნული აკადემიის“ დაფუძნება. აკადემიაში ვხელმძღვანელობ ტექნოლოგიების მიმართულებასა და შესაბამის საგანმანათლებლო პროექტებს. ჩემი მიზანია, აქ შეიქმნას თანამედროვე სასწავლო გარემო, სადაც ხარისხიანი განათლება, ციფრული უნარები, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური პროექტები ერთიან სისტემაში იქნება გაერთიანებული.

ჩემთვის ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას არ ნიშნავს. ის ნიშნავს რეალური საჭიროების დანახვას, პრაქტიკული გადაწყვეტის შექმნას და ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც მასწავლებელს აძლიერებს, მოსწავლეს კი მომავლისთვის ამზადებს.

ნატალია თურქაძე

ნატალია თურქაძე

თანადამფუძნებელი · ისტ-ის მენტორი მასწავლებელი

მისი პროფესიული საქმიანობა განათლების სფეროში 1999 წლიდან იწყება. 1999–2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის №23 საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკარად, ხოლო 2010–2015 წლებში — ქუთაისის №21 საჯარო სკოლაში საქმისმწარმოებლად.

2015 წლიდან მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან. 2016–2019 წლებში იყო მიწვეული მასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტექნოლოგიების ლექტორ-მასწავლებლად მუშაობდა.

ამჟამად მუშაობს ქუთაისის №36 და №17 საჯარო სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად. 2018 წლიდან არის უფროსი მასწავლებელი, 2020 წლის სექტემბრიდან — წამყვანი ისტ-ის მასწავლებელი, ხოლო 2022 წელს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ციფრულ განათლებას, ტექნოლოგიების სწავლებას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარებას.

ნატალია თურქაძე აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებში, როგორც პროექტების ავტორი, მონაწილე და საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზატორი. მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები და მოსწავლეთა ჩართულობით შექმნილი პროექტები აღიარებულია ეროვნული და საერთაშორისო ხარისხის ნიშნებით.

მის პროფესიულ საქმიანობას ახლავს არაერთი ჯილდო და მადლობის სიგელი. მათ შორის, დაჯილდოებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. მიღებული აქვს ასევე არაერთი მადლობის სიგელი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელებისგან პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და აქტიური მონაწილეობისათვის.

პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში. მეგობარ მზია კახაძესთან ერთად არის „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობს პროფესიული შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციებისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიებების ორგანიზებაში. კლუბის საქმიანობა მიმართულია პედაგოგებს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

ნატალია თურქაძის პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია უწყვეტი განვითარება. წლების განმავლობაში გავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულების პროფესიული ტრენინგები და მონაწილეობა აქვს მიღებული მასწავლებელთა კონფერენციებში, მათ შორის, როგორც მომხსენებელს.

იგი გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, შრომისმოყვარეობითა და სიახლეებზე ორიენტირებულობით. განსაკუთრებით აინტერესებს ახალი ცოდნისა და შესაძლებლობების ძიება და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენება.

მისი პროფესიული ხედვა ეფუძნება უწყვეტი განვითარების, ინოვაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების იდეას. მიაჩნია, რომ თანამედროვე მასწავლებელი თავადაც მუდმივად უნდა სწავლობდეს, ეძებდეს, ცდიდეს და ქმნიდეს, რათა მოსწავლეებს ცოდნის, შემოქმედების, კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობა მისცეს.

ჰაბის გზამკვლევი

რით დაგეხმაროთ?

პასუხებს ვეძებ საიტის საჯარო ინფორმაციაში. პირად ანგარიშზე წვდომა არ მაქვს.

საუბარი რჩება ამ გვერდზე და სერვერზე არ იგზავნება.